გია ვოლსკი - სცენარის ნაწილი იყო ის, თუ რატომ დაუჭირა წინა ხელისუფლებამ მხარი რეზოლუციას, რომელშიც არაფერი საჩვენო არ იყო
გია ვოლსკი - სცენარის ნაწილი იყო ის, თუ რატომ დაუჭირა წინა ხელისუფლებამ მხარი რეზოლუციას, რომელშიც არაფერი საჩვენო არ იყო

ხომ არ გგონიათ, რომ უცებ გაბრაზდა რუსეთი და შემოვიდა. ეს არის წლების განმავლობაში დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც დაუპირისპირდა საერთაშორისო საგზაო რუკას, უზარმაზარ პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას, რომელიც გახდა ინტენსიური და შეუქცევადი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ის, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელსაც ქვეყნისთვის სასარგებლო შინაარსი არ ჰქონდა, ასევე განცხადება იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო იმ მოცემულობაში რუსეთის სახის შენარჩუნება, შემთხვევითი არ არის და რუსეთის სტრატეგიაში ჯდება.

„პირველი შეკითხვა მქონდა ის, თუ რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელშიც არაფერი საჩვენო არ იყო. სცენარის ნაწილი იყო მთლიანად ესეც, ასე ჩანს. ეს ხომ არ არის, რომ რუსეთს მოუნდა ომი ან ის, რომ ოსების უფლებები დაიცვას ან აფხაზების. ეს არის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ახორციელებს.

ჯერ კიდევ ივლისში იყო ჩამოსული რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც ურჩია სააკაშვილს, წასულიყო იტალიაში დასასვენებლად, ამის ჩვენებებიც არის და შემდეგ სააკაშვილმა აღიარა კიდეც და რომ ჩამოვიდა, ზუსტად იმ დღიდან დაიწყეს, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის. ამასთან დაკავშირებით სერიოზულობა იმაზე, რომ რუსეთს სახე უნდა გადავურჩინოთ ან ისეთი კარგი რეზოლუცია იყო, რომ ამ მართლაც მოღალატეობრივ პუნქტებზე ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ, როგორ გგონიათ, შემთხვევით მოდის? ფაქტები, ქვეყნისთვის სამწუხაროდ, არის 20 პროცენტი მიწების ოკუპაცია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.