გია ვოლსკი - საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ როცა გადიხარ პარტიიდან, რომელთან ერთადაც პარლამენტში შემოხვედი, მანდატი უნდა დატოვო, მაგრამ რეგლამენტით ეს გათვალისწინებული არ არის
გია ვოლსკი - საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ როცა გადიხარ პარტიიდან, რომელთან ერთადაც პარლამენტში შემოხვედი, მანდატი უნდა დატოვო, მაგრამ რეგლამენტით ეს გათვალისწინებული არ არის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რეგლამენტი არ ითვალისწინებს პარტიიდან გასვლის შემდეგ დეპუტატის მიერ მანდატის დატოვებას, თუმცა საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ როდესაც დეპუტატი მიდის პარტიიდან, რომელთან ერთადაც პარლამენტში შევიდა, მანდატი უნდა დატოვოს.

„დიტო სამხარაძე მარტო თავის მოსაზრებაზე არ საუბრობს. საზოგადოებაში არის ასეთი აზრი, რომ როდესაც გადიხარ პარტიიდან, რომელთან ერთადაც პარლამენტში შემოხვედი, მანდატი უნდა დატოვო, მაგრამ სამართლებრივად და რეგლამენტით ეს გათვალისწინებული არ არის. ქვეყანა პარტიებს არ ეკუთვნის, ეს საზოგადოების კუთვნილებაა. საზოგადოებას კონკრეტული პოლიტიკური ძალები წარმოადგენენ, ვინც არ უნდა იყვნენ, გახარია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. საზოგადოება რამდენად დაუჭერს მხარს, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეაფასებს თუნდაც უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერ აღებას და ქვეყნისადმი იმ დამოკიდებულებას, რაც, სამწუხაროდ, აიწონება რაღაც პირადი გადმოსახედიდან. გახარია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს თავის ხედვებს. როცა ოპოზიციაში ხარ, უფრო ადვილი და კომფორტულია, ისაუბრო გარკვეულ პრობლემებზე, რომლებზეც ისედაც საუბრობდი, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყავი, ეძებდი გამოსავალს და ხშირ შემთხვევაში პოულობდი. ვითარებას როგორ წარმოაჩენს, რამდენად პოლიტიკურად კარგად ზომავს და წონის სიტუაციას, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მთავარი თემა ამ გუნდის ლიდერი გახარიაა, რომელმაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელივან ეტაპზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ შეესაბამება იმ ინტერესებს, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

„რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო და არავინ თქვას, არ ველოდებოდით, რომ კონკრეტულად ეს გუნდი ზუსტად ამ შემადგენლობით არ დატოვებდა უმრავლესობასო. ეს მოსალოდნელიც იყო და ამაზე საუბარიც იყო“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე.

დატოვე კომენტარი