გია ვოლსკი - საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს
ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს – ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი; ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დააჩნია წარსულმა – იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ საგარეო ან საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები. მეტიც – არათუ შეაფასეს საკუთარი თავი, არათუ შალვა შავგულიძის სახით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძის რენომე, თუკი რაიმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების უფრო მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს და ამჟღავნებს.
„ცალკეული და ხშირად პროვოკაციული ვითარების მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს გაცილებით მეტი ურთიერთლოიალობა აქვთ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ. ეს აშკარად ჩანდა ყველგან, სადაც ჩატარდა არჩევნები და ყველგან, ვგულისხმობ დღევანდელ პარლამენტსაც. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ რთულ და წინააღმდეგობებით, გამოწვევებით აღსავსე გარემოში მართვის მექანიზმები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და არა რევოლუციურ სცენარებს, საღად აფასებს წარსულს და მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მან მოუწოდა არჩევნებში გამარჯვებულ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს, მადლობა გადაუხადონ ამომრჩეველს.
„ყველამ, ვინც გაიმარჯვეს არჩევნებში: მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა უთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც, ვინც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისათვის გარკვეული მიზეზები აქვთ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიკულ გამოხდომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არა მარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებით და უზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალი ტრენდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.