გია ვოლსკი - საზღვრის თემა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული
გია ვოლსკი - საზღვრის თემა არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული

წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დავით გარეჯთან დაკავშირებით პროკურატურის გუშინდელ განცხადებას.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, „ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული“.

„ჩვენთვის ინფორმაცია ისევე არის ცნობილი, როგორც პროკურატურის მხრიდან გაცხადებული იყო. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ ჩემი და ოპონენტების მოსაზრებები აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, :დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.