გია ვოლსკი - საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ვფიქრობ გამოძიების ხელის შეშლის რეალური წინაპირობაა
გია ვოლსკი - საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ვფიქრობ გამოძიების ხელის შეშლის რეალური წინაპირობაა

წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ვფიქრობ სწორედ გამოძიების ხელის შეშლის რეალური წინაპირობაა, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ადამიანების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, თუმცა კადრებში კი ჩანს, როგორ უტევენ ეს ადამიანები პოლიციელებს, არღვევენ კანონს და პოლიციელების მიმართ ძალადობენ იმ მიზნით, რომ პარლამენტში შემოჭრილიყვნენ.

„თუკი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაშინ გარკვეული აღიარებაც არის, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო ორგანიზებული თავდამსხმელთა ჯგუფი. მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ განცხადებას, ვიდრე ზუსტი არგუმენტები არ იქნება პროკურატურის მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი და სამართლის მიერ არ იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა საზოგადოებას აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება შეუქმნან იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ოპერაცია, რომელიც შეტევის მოგერიებისკენ არის მიმართული.

„მათი მოსაზრებები და ე.წ ბრალდებები აქედან გამომდინარეობს. პოლიციელზე ძალადობა დასჯადია, ეს ყველამ იცის, მაგრამ თითოეულმა პოლიციელმა და ამ უწყებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება მათ ენდობა, მათი პრინციპულობის და შეუპოვრობის იმედი აქვს, როცა ეს სახელმწიფო ინტერესებს ეხება. თუნდაც ძალა იყოს გამოსაყენებელი, მაგრამ გარკვეული წესები არსებობს, რომელსაც აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე დანაშაულებრივი სისტემა ჩამოყალიბდება, როგორც ჩვენ 2012 წელს მოვიშორეთ. ყველა პოლიციელს სახელმძღვანელოდ ეს უნდა ჰქონდეს. პოლიციელების დათრგუნვა, შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს მთავარი მიზანია, რასაც ემსახურება იმის ინტენსიური გამეორება, რომ ვიღაცები გადაუდებლად უნდა დაისაჯოს. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.