გია ვოლსკი – საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს სტრატეგიულ მიმართულებებზე, ამ საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს
საკმაოდ კომპეტენტური საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაფინანსებულია კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სათავეში უდგანან რევოლუციურ და ექსტრემისტულ პროცესებს და რამაც უშველებელი პრობლემები შეუქმნა ევროპის კონკრეტულ ქვეყნებს, — ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „შესაძლოა, ეს თემა ისევ ჩაიფარცხოს, მაგრამ საქართველოს სინამდვილეს თუ შევადარებთ, არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან პოლიტიკური მიზანია მთავარი და ეს მიზანი არ არის საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებული, „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში თუ ნებისმიერი სხვა.
„საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია, გარკვეული ინტერესი არსებობს და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს ენერგორესურსებზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ჯორჯ სოროსის სახელიც ნახსენებია. ჯორჯ სოროსის ფული საქართველოში არაერთხელ გამოჩნდა. კანონს როგორ დაუპირისპირდნენ, რა არის ამ კანონთან დაკავშირებით ასეთი საშინელება? იაპონიაც აპირებს, ახლა იღებენ კანონს. კონკრეტული მაგალითებით დაშინებული ხალხი კანონს იღებს“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.