გია ვოლსკი - საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე დაფიქრებული ევროპელი ლიდერები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ თემაზე ინტენსიური კონსულტაციები მიდის
რეზოლუციაზე ვილაპარაკოთ ასე, რომ EPP-მ თავის მოკავშირე პარტიას დაუჭირა მხარი და ფაქტობრივი უზუსტობებით გამოსცა დოკუმენტი, რომელსაც მხარი არ დაუჭირა 218-მა დეპუტატმა, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მთლიანად, 705 დეპუტატია ევროპარლამენტში და 308 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაგრამ როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, როდესაც უმრავლესობა უყრის კენჭს, როდესაც არის 2/3, უმრავლესობა იმარჯვებს ამ კენჭისყრაში მონაწილეთა შორის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასეთ კრიტიკულ დროს მოხდა ევროპარლამენტში მსჯელობა თემაზე, რომელიც საქართველოში მედიაგარემოსა და თუნდაც, მართლმსაჯულებას ეხება, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიაა დარაზმული, რაც საზოგადოებამ კარგად იცის.
„მეორე, ერთი პარტიაა, გეუბნებით, სახალხო პარტია და „ნაცმოძრაობა“. სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც მისცეს ხმა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იქ გარკვეული ადამიანები არიან, რომლებსაც სჯერათ იმის, რაც რეზოლუციის მიღებამდე გაიგონეს. მათ გაიგონეს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, ფრაქციის ხელმძღვანელი რომ ამბობს, თითქოს „ქართული ოცნებიდან“ ვიღაც უცნობი მოჭიდავე, დარბაზში რომ შევა, ანგარიშსწორებას და ცემას უპირებს. იქ ვერც წარმოუდგენიათ, რომ პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც რაღაც განცხადებებს აკეთებს, იქ მივლინებებში დადის, რაღაც ტრიბუნიდან გამოდის და ამ დროს, ასეთ სისულელეს ამბობს. ისე, რომ იცოდეთ, მოჭიდავე, თანაც უცნობი, არავინ არ არის. ერთი მოჭიდავე გვყავს, ოლიმპიური ჩემპიონია და მთელი მსოფლიო იცნობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რეზოლუციაში არ ასახულიყო ფაქტობრივი შეცდომები, როგორც ამას მმართველი გუნდი უწოდებს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს მაშინ, როდესაც იუკნევიჩიენემ და კუბილიუსმა წინასწარ გააკეთეს ის განცხადებები, რაც გააკეთეს.
„როდესაც ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოადგილე, იუკნევიჩიენე და კუბილიუსი რეზოლუციის მიღებამდე აცხადებენ, რომ ევროპასა და საქართველოს შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, ეს ხელისუფლება უნდა გადააგდოთ და თქვენ გარანტირებული გექნებათ ევროკავშირის წევრობაო, რა უნდა იმუშაო იმისთანა, რომ ეს არ თქვას ამ ჯგუფმა, რომელიც წამყვანი ჯგუფია არა მარტო ევროპარლამენტში, არამედ მსოფლიოში და ამას წინასწარ ამბობს? როდესაც მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ასეთი რეზოლუცია მიიღონ, შენ იქ 218 დეპუტატი თუ დაარწმუნე და კიდევ ბევრი, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეზოლუციას არ მიიღებენ. შენ უნდა ეძებო რეზოლუციის შინაარსი და ჩვენს საზოგადოებას გააგებინო, სად არის სიმართლე და სად ტყუილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ ახლახან, სტრასბურგიდან ათეულობით საქმე ჩამოვიდა, რომელიც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა და ამ სურათის უკან რომ ასეთ რეზოლუციას მიიღებ, ლაპარაკი არ შეიძლება იმაზე, თითქოს ხელისუფლებამ ეს ხალხი სიმართლეში ვერ დაარწმუნა.
შეკითხვაზე, რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ნეგატიური რეზოლუციის შინაარსი საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ აისახოს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ბერკეტი არის ის რეალური სურათი, რაც გვაქვს.
„არც ერთი რეიტინგი საქართველოს მეორე ადგილზეც არ აყენებს, თუნდაც ამ სამეულში და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს. ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს ცნობილია. ასე რომ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ სტრატეგიაზე, უსაფრთხოებაზე, მოკავშირეებზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე დაფიქრებული ევროპელი ლიდერები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ თემაზე ინტენსიური კონსულტაციები მიდის. ისინი იმოქმედებენ თავიანთი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არის ჩვენი, ჩვენი ხალხის იმედი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ის, რომ ქართველ ხალხს, საზოგადოების უდიდეს ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ სადიზმის გამო ევროსკეპტიციზმი არ განუვითარდა, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგან „ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოებას დაანახა, რატომ არის კარგი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რა სარგებელი მოაქვს მას ქვეყნისთვის.
„ჩვენ ეს დავანახეთ, თორემ საზოგადოების დიდ რაოდენობას მიაჩნდა, რომ ამ ადამიანებს წამებაში თუ ამართლებ, მაშინ რა გვინდა თქვენთანო. „ქართული ოცნების“ ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების 85% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის დაუნახაობა შეუძლებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.