გია ვოლსკი - საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის ფორმატში ასეთი მძლავრი პოზიციები, როგორიც დღეს,  რეფორმები მიმდინარეობს
გია ვოლსკი - საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის ფორმატში ასეთი მძლავრი პოზიციები, როგორიც დღეს,  რეფორმები მიმდინარეობს

პოლიტიკური სპეკულაციების მოყვარულებისთვის რეფორმების მოთხოვნა ისეთი უცხო რამე იქნება, რომ თითქოს არ გაუგიათ, რომ ევროკავშირში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება და საბოლოო ჯამში წევრობა რეფორმების მთელ რიგ ეტაპებს ეფუძნება, რომლის დიდი ნაწილი არის წარმატებით შესრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს საკმაოდ მყარი პოზიციები, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მქონე და თავისუფალი გადაადგილების მქონე ქვეყანას.

„აქედან გამომდინარე, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის ფორმატში ასეთი მძლავრი პოზიციები, როგორიც დღეს აქვს. რეფორმები მიმდინარეობს და ჩვენი პოზიცია გაცილებით უფრო მყარი იქნება, როცა 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადა გავაკეთებთ. რასაკვირველია, ევროკავშირის საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია და თუ ეს განხორციელდება იმ პოლიტიკური სუბიექტების პოზიცია საკმაოდ რთული იქნება, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, რომ ქვეყანას უნდა დაუწესდეს სანქციები და ამ საკითხზე ინტერპრეტაცია მუდმივად მოხდება. ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესახებ წერს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.