გია ვოლსკი - საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს
გია ვოლსკი - საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს

საქართველო ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში საკმაოდ გამართულია და ყველა მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით არის შეიარაღებული.

„ძირითადი მოთხოვნა რამდენიმე საკითხია – ვიზალიბერალიზაცია, საგარეო კურსი და გარკვეული კანონების უკან წაღება. ეს ყველაფერი თუ ჩვენთვის მისაღები არ არის, მათი მხრიდან ეს განიხილება, როგორც დეზინფორმაცია და ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ ნათელია შექმნილი სურათი.

ოთხივე თემასთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი პოზიცია გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, კარგად გაიაზროს, რა თემებზეა საუბარი. მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს, ვისთანაც ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია არ აქვს, ჩვენთვის კი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ თემებს; ასევე, სანქციების თაობაზე ჩვენს პოლიტიკას ვერ შევცვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა და შემდეგ უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუ ქვეყანა მოისპო და განადგურდა; რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპასთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თავად ევროპულ ქვეყნებში, ევროპარლამენტში ღია დებატების დროს საკმაოდ ხშირად გაისმის გარკვეული კრიტიკა. თავი ჩვენც არ უნდა შეიკავოთ  და რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.

ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით, ჩვენთვის საამაყო თემაა, რომ საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ბევრს ქვეყანაზე უკეთესი გვაქვს, მათ შორისაა, მართლმსაჯულება, დემოკრატია, კრიმინალთან ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. რასაკვირველია, საფრთხე მაინც არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირებაა და არგუმენტების ჭიდილი თუ იქნება, ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.