გია ვოლსკი - საქართველო შეფასდება თავისი მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ევროკავშირის კანდიდატ და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც
გია ვოლსკი - საქართველო შეფასდება თავისი მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ევროკავშირის კანდიდატ და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც

საქართველო, უპირველეს ყოვლისა, შეფასდება თავისი მონაცემებით და ეს მონაცემები უტყუარი მანიშნებელი, ინდიკატორია, სად ვდგავართ, რა გვეკუთვნის ევროკავშირის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს, როგორი მოლოდინი აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?

„რასაკვირველია, წარმატებას ვუსურვებთ უკრაინელებსაც, მოლდოვასაც, სხვა ქვეყნებს. საქართველოსთან ახლო ურთიერთობის ინტერესი აქვს ევროპასაც. საქართველო მათთვის გეოპოლიტიკურად, გეოგრაფიულად საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა. საქართველო არასდროს იქნება შიდა გარიგებების ან არაჯანსაღი მოლაპარაკებების თემა. ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, რასაკვირველია, საქართველო, უპირველეს ყოვლისა, შეფასდება თავისი მონაცემებით და ეს მონაცემები უტყუარი მანიშნებელი, ინდიკატორია, სად ვდგავართ, რა გვეკუთვნის ევროკავშირის ფორმატში. პოზიცია გამომდინარეობს ჩვენი მონაცემებიდან, მიღწევებიდან, რომლებიც ევროკომისიამ დააფიქსირა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, კიდევ საკამათოა ევროკავშირის ფორმატში, და უნგრეთს ამასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია აქვს, რასაკვირველია, ეს არანაირად არ აკნინებს მონაცემებს, რაც საქართველოს აქვს. საქართველო გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ევროკავშირის კანდიდატ და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.