გია ვოლსკი – სამწუხარო მაგალითების საფუძველზე, ნებისმიერი პარტიის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან დაფინანსება უნდა იქნას განხილული, როგორც რესურსი, იმოქმედონ ისე, რასაც უკარნახებენ

22:49, 13.10.2026

იმ მაგალითების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი ვიხილეთ, ქვეყნის გარედან დაფინანსება ნებისმიერი პარტიის ან გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ცალკეული პიროვნებისაც კი, უნდა იქნას განხილული როგორც რესურსი, მექანიზმი, რათა ფულისთვის, თუ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის იმოქმედონ ისე, როგორც უკარნახებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონს, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონმდებლობას.

ვოლსკის თქმით, ბევრი სამწუხარო მაგალითი ვიხილეთ, როცა ქვეყნის გარედან დაფინანსება გამოყენებული იყო პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად.

„აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის ოპტიმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი გრანტი, ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი აქტივობისა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მობილიზებული. ასეთი რამ არ ხდება და დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ამას უკვე არც არავინ არ მალავს. ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი ადამიანის, თუ ადამიანთა ჯგუფის დაფინანსება, უნდა იყოს განხილული, როგორც მოსყიდვა კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. კერძოდ, კომისიის დასკვნაში საუბარია 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“ კანონზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონზე, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებზე.

მსგავსი