გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი უკეთესია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი, ან მეორე სახე, რომელიც გვპირდება, რომ სააკაშვილს მოიყვანს და ისევ მერაბიშვილს დაგვასვამს თავზე
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი უკეთესია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი, ან მეორე სახე, რომელიც გვპირდება, რომ სააკაშვილს მოიყვანს და ისევ მერაბიშვილს დაგვასვამს თავზე

აღმოაჩინეთ სამი განსხვავება მაინც ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დავა მხოლოდ გარკვეულ გამოვლინებებზე მიდის, კომისიაში ერთი, ან მეორე ჯგუფი მონაწილეობს, თუ არა, თორემ სიმართლეს რომელი იძახის, ერთი, ცოტა ბოროტი სახით, უფრო ბრაზიანი ვაშაძე, თუ მეორე, გაღიმებული ბაქრაძე?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური „ბაგაჟი“ გაიძარცვა და ეს არჩევნები საბოლოო წერტილს დაუსვამს სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებების კონცენტრაციის შესაძლებლობას, თუნდაც, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, რასაც ისინი გვპირდებიან.

„საკმაოდ სერიოზული მუქარით გამოდიან და ამბობენ, რომ ვინც მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ, საზოგადოებიდან მოკვეთილი ვიქნებით და ცხოვრებას ყველა მიმართულებით აგვიკრძალავენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია ოპონენტების ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ორპოლუსიანი გარემო შეიქმნას, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხობელად იქნას გამოყენებული, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანი გარემო აწყობს, თუ არ აწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოწინავე პოზიციაზე რეალურად დგას, რომლის ერთი არსი ორი სახით არის წარმოდგენილი.

„ჩვენ გვაწყობს, იყოს პრეზიდენტი და საკონსტიტუციო მოვალეობებს ასრულებდეს. ვფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი უფრო უკეთესია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი, ან მეორე სახე, რომელიც გვპირდება, რომ ყველაფერს დაანგრევს, ამ ნანგრევებზე სააკაშვილს მოიყვანს და ისევ ვანო მერაბიშვილს დაგვასვამს თავზე. რეალობა ეს არის და თქვენ გინდ ორად გაყავით, გინდ სამად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.