გია ვოლსკი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ გულისხმობს, რომ ერთ საათში იქნება მიღებული კანონი, რეგლამენტის  ყველა მოთხოვნა იქნება დაცული
გია ვოლსკი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ გულისხმობს, რომ ერთ საათში იქნება მიღებული კანონი, რეგლამენტის ყველა მოთხოვნა იქნება დაცული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მნიშვნელოვანია, რათა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა იყოს.

მისივე თქმით, კანონის მიღებამდე გაიმართება კომიტეტის სხდომა, დისკუსია და დაცული იქნება რეგლამენტის ყველა მოთხოვნა.

„არავინ უარყოფს, რომ ამ კანონპროექტის შემოტანა გარკვეულმა მოქმედებებმა განაპირობა, მათ შორის პრეზიდენტის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში მსჯელობის საგნად იქცა. კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკურმა ძალებმა საზოგადოებას არ გააგებინეს, რეალურად, რას გულისხმობს ეს კანონი. ეს არ გულისხმობს, რომ აუცილებლად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შეგიძლია, მიმართო საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველა კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია, მეორე ორგანოსთან დაკავშირებით ჰქონდეს პრეტენზია არა მარტო გამოცემულ აქტთან და რაიმე დოკუმენტთან დაკავშირებით, არამედ ქმედებასთან ან უმოქმედობასთან დაკავშირებით.

როდესაც ამბობენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური აზრთა მიმოცვლა არ ყოფილა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში, აზრთა გაცვლა არ იქნება. ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება მნიშვნელოვანია, რათა გარკვეულ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს წინსვლა – თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ ელჩების დანიშვნა და ელჩების საკითხის გადაწყვეტა სასწრაფოდ, დაჩქარებული წესით არის საჭირო. დაჩქარებული წესი არ გულისხმობს, რომ ყველა ჩუმად უნდა იყოს და ერთ საათში იქნება მიღებული კანონი. დისკუსიაც გაიმართება, კომიტეტის სხდომაც და რეგლამენტის ყველა მოთხოვნა იქნება დაცული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.