გია ვოლსკი - საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს, სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ არანაირი გამართლება არ აქვს, მას პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვუწოდებდი
გია ვოლსკი - საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს, სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ არანაირი გამართლება არ აქვს, მას პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვუწოდებდი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა, ყოფილი პრეზიდენტია და მოხვდა განსასჯელთა სკამზე, მისი დანაშაულებები თვალთხილულია. საუბარი იმის თაობაზე, რომ სანდრო გირგვლიანის თემა პიარული საკითხია, არის საკმაოდ მდარე თავის მართლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ქმედებებს ამას თავის მართლებაც არ ჰქვია.

„არის საკითხები, რაზეც დავა შეიძლება. მის დროს საზღვარგარეთ უფრო მეტი ხალხი გავიდა თუ ქვეყანაში უფრო მეტი შემოვიდა. სტატისტიკა არსებობს და მისი განცხადებები სინამდვილეს არ შეესაბამება. რუსული თემის ექსპლუტაცია მისი ძველი პოზიციების გადამღერებაა, მაგრამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მძიმე შედეგები მოგვიტანა იმ სამოქმედო გეგმიდან გადახვევამ, რაც დასავლელ პარტნიორებთან ერთად გვქონდა შემუშავებული. თუ ვინმეს ის დაძაბულობა აწყობს, რაც სააკაშვილმა შექმნა, თუნდაც, უკრაინაში მისი საქმიანობა, ეს მოსკოვია და ამ კონტექსტში პუტინის ხშირად ხსენება, მის საქციელს ნამდვილად არ შეესაბამება, რადგან თუ ვინმემ რამე გააკეთა ამ სახელმწიფოში, რათა რუსეთს სტრატეგიული გეგმების რეალიზაცია მოეხდინა, ეს არის სააკაშვილი და მისი გარემოცვის გარკვეული ნაწილი. რაც შეეხება იმ თემას, რომ ის პოლიტპატიმარია, რა საკვირველია, პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტპატიმარი იქნებოდა, რომ არა ის ჭეშმარიტება, რაც ტელევიზიით ვიხილეთ – გირგვლიანის თემა იქნება, 7 ნოემბერი თუ მილიონების ხარჯვა. საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს და სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვუწოდებდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას, ვოლსკის თქმით, თუ ქვეყნის დაზიანება გინდა, რაიმე დამატებითი არჩევნები და საპროტესტო აქციები უნდა მოიხოვო, რომელზეც საზოგადოებაში აზრი იყოფა, საზოგადოების დაპირისპირებისკენ უნდა წაიყვანო საქმე.

„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი პასუხისმგებლობას გამოიჩენს და არ დაემსგავსება სააკაშვილის პარტიასა და მის სატელიტ პარტიებს, რომლებიც არსებულ ვითარებაში დესტაბილიზაციის მეტს არაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი