გია ვოლსკი - სააკაშვილმა საუბარი დაიწყო ევროპულ ფასეულობებზე და დაამთავრა შარაგზის ყაჩაღის შესაფერისი განცხადებით, არ მგონია, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერდეს ასეთ განცხადებებს
გია ვოლსკი - სააკაშვილმა საუბარი დაიწყო ევროპულ ფასეულობებზე და დაამთავრა შარაგზის ყაჩაღის შესაფერისი განცხადებით, არ მგონია, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერდეს ასეთ განცხადებებს

სააკაშვილმა თავისი საუბარი დაიწყო ევროპულ ფასეულობებზე საუბრით და დაამთავრა შარაგზის ყაჩაღის შესაფერისი განცხადებით, ფულის წართმევის თაობაზე. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი და მით უმეტეს, ვისაც ევროპულ ფასეულობებზე აქვს პრეტენზია, მხარს დაუჭერს ასეთ განცხადებებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ვერავის დააპატიმრებს, რადგან ეს არაა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„გარდა ამისა ჩამოსვლაზე არა ერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული და ყოველთვის ასეთი ყაჩაღის, მეკობრის განცხადებით ამთავრებს თავის გამოსვლებს. დაახლოებით მეჩვიდმეტედ აცხადებს, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და სხვასაც მოუწოდებს. მმართველი გუნდი ვერავის დააპატიმრებს, რადგან ეს არაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და უნდა იმოქმედოს სამართლებრივი ნორმების ფარგლებში. მან ღირსება წაართვა უამრავ ადამიანს ქონება და სიცოცხლე წაართვა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიები თუ ვინმემ წაართვა, ესეც მისი დამსახურებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.