გია ვოლსკი - სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც წაგებული აქვს
გია ვოლსკი - სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც წაგებული აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმდენად საფუძვლიანია და კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ადვოკატს გაუჭირდება, სასამართლო რაიმე საწინააღმდეგო პოზიციაში დააჯეროს.

ამის შესახებ ვოლსკიმ გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სააკაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ადვოკატების აცილება მოითხოვა.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, სააკაშვილისგან სხვა გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო.

„სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც აპრიორში წაგებულია. გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ეს თითქოს პიჯაკებს ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მის მიმართ სერიოზული ბრალდებებია წაყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე ადვოკატების აცილება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს. 

ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა 22 დეკემბერს უნდა წარმოთქვას.

გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.