გია ვოლსკი - სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც ადამიანს მოხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა
სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც ადამიანს მოხვდა და გამოასალმა სიცოცხლეს, ან ისეთი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რომელსაც იმ წლების შემდეგ აქვს გარკვეული ეფექტი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი „დესტრუქციული ძალაა, რომელმაც ქვეყანას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა“.
„თავიდან რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო, მაგრამ როცა უამრავ ადამიანზე ვლაპარაკობთ, რომელიც ეწამა, სიცოცხლე დაკარგა, ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ქონება და ასევე საქართველოზე, რომელმაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ის, ვისაც შეუძლია, საქართველოში პროგრესი უზრუნველყოს. ეს შედეგები თვალნათელია და ამ შედეგების უგულვებელყოფა ან იმის თქმა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია. სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც ადამიანს მოხვდა და გამოასალმა სიცოცხლეს, ან ისეთი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რომელსაც იმ წლების შემდეგ აქვს გარკვეული ეფექტი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე. ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ მიტოვებული იყვნენ და ამ ვითარებას სააკაშვილის სახელი ჰქვია. თავის დროზე, საბრძოლო მოქმედებებიდან უამრავი მშვიდობიანი მოსახლე არ გამოიყვანეს და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობსო. ამ ვითარებასაც სააკაშვილის სახელი ჰქვია. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.