გია ვოლსკი - როყიო განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ზოგიერთი ოჯახის უბედურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობს
გია ვოლსკი - როყიო განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ზოგიერთი ოჯახის უბედურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან როყიო განცხადებები კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბახმუტთან დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განცხადება დაგვიანებით გააკეთა.

გია ვოლსკის თქმით, ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებმაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამასთან, ვოლსკის განცხადებით, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს არ გლოვობს, ზოგიერთები კი ოჯახის უბედურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობენ.

„რაც შეეხება როყიო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი რატომ აკეთებს გვიან განცხადებას, შემიძლია დავადასტურო, რომ როყიო განცხადებებს აკეთებენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებმა ძალიან სერიოზული დანაშაულები ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ფაქტია ის ეპიზოდი, რომელსაც ჰქვია ჯარისკაცების ცხედრების მიტოვება ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ და ამ დროს რუსი გენერლისთვის მძღოლად დადგომა ოფიციალური პირის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას თავისი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სამძიმარს, უპირველესად, უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გლოვობს და ვინც ცხედართან თავდახრილია, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს და სამძიმარს არ უცხადებს ყველა ოჯახს. არსებობს ადამიანობაზე პრეტენზიის მქონე ან ფარისეველი არსება, რომელიც ცდილობს, ოჯახის უბედურება პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ. უნდა იცოდნენ, სამწუხარო ფაქტია, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი დაღუპული ადამიანის გარშემო მართავს საცირკო წარმოდგენას, პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირებას. ეს ის არ არის, რაც საქართველოს ახასიათებს. ჩვენ ერთად ვგლოვობთ ომში დაღუპულ ნებისმიერ ჩვენს შვილს.

რაც შეეხება რუსულ კვალს, ის დღეს საქართველოს ეტყობა იმით, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს დაკარგული. მიუხედავად ევროკავშირისა და ამერიკის სტრატეგიისა, ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს მომხდარიყო რუსეთის მიერ. რუსეთის კვალი ეტყობა საქართველოს, როდესაც ვსაუბრობთ გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებსა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეზე, მათ შორის სამოქალაქო პირებზე, რომლებიც შეატოვეს აგრესორს, როდესაც საქართველოში შემოიჭრა. უამრავი სიცოცხლე, რომელიც აგრესორს ჩააბარეს და უამრავი ოჯახი, რომელიც ამ მდგომარეობაში დატოვეს. დამაკნინებელი სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ იმ ადამიანების დახასიათებისას, რომლებიც სპეკულირებენ უბედურებით, რაც ქვეყანას პერიოდულად ატყდება თავს სხვადასხვა გარემოების გამო. „ომის პარტია“ და ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების გამყიდველები არიან, დღეს ყველაზე ხმამაღლა აკეთებენ განცხადებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.