გია ვოლსკი - როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა
გია ვოლსკი - როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა

როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ გადაცდომა ერთ პროცენტს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ იმსჯელებენ, უნდა იყოს რიგგარეშე, თუ განმეორებითი არჩევნები.

„როდესაც ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, თუკი გადაცდომა ერთ პროცენტს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ რეალურად, უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი და კრიტერიუმი არ შეიძლება, იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს არის ელემენტარული, ეს ყველას ესმის და მგონი, ვისაც არ ესმის ან არ უნდა, გაიგოს, სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს. ეს არის დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რომ ოპოზიციის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს და რას ფიქრობს, რამდენად შენარჩუნდება მათი ერთობა მეხუთე რაუნდისთვის, ხომ არ შეიცვლიან პოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გია ვოლსკიმ განაცხადა:

„იმდენად არგუმენტირებულია, არა მარტო ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთგზის გავახმოვანეთ, არამედ საერთაშორისო დამოკიდებულება, რომელიც გამოხატა აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ქვეყნის, ხალხისა და არა მარტო ჩვენი ისტორიის, არამედ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ გამოჩნდებიან სუბიექტები, იქნებიან სუბიექტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.