გია ვოლსკი - როცა ერთმანეთს ვაკრიტიკებთ ვფიქრობ, საზოგადოებაში ძალიან ცუდ განცდას ვაჩენთ
გია ვოლსკი - როცა ერთმანეთს ვაკრიტიკებთ ვფიქრობ, საზოგადოებაში ძალიან ცუდ განცდას ვაჩენთ

უმრავლესობის შიგნით არსებული ვითარება კრიზისისგან ძალიან შორს არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ასე არ არის, რომ ახლა ყველანი უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვსწორდეთ, როდის იქნება და მოლოდინი გავზარდოთ, რომ ყველაფერი აქ მოხდება. უმრავლესობის სხდომა მომზადდება, რომლის საკითხები მხოლოდ იმასთან დაკავშირებით არ არის, ვინ ვიზე რა თქვა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი თემატური საკითხებიც არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა უმრავლესობის შიგნით არსებულ ვითარებას ეწოდოს კრიზისი იმ გარემოების გათვალისწინებით, როცა ურთიერთბრალდებები გრძელდება და დღეს უმრავლესობის სხდომაც გადაიდო, რომელმაც შიგნით არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

მისი თქმით, აუცილებელი არ არის, ყველამ ერთად იმეგობროს, ან 115-ვე კაცი ერთ პოლიტიკურ თარგზე იყოს მოჭრილი, მაგრამ უმრავლესობის წევრები გარკვეულ თემებზე და თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ.

„იქნება ზეპირი შეთანხმება, თუ როგორ ვიქცევით მაშინ, როცა განსხვავებული აზრები არსებობს, ან როცა თავისუფალი კენჭისყრაა. შესაძლოა, კოლეგებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ როცა ერთმანეთს ვაკრიტიკებთ, ვფიქრობ, საზოგადოებაში ძალიან ცუდ განცდას ვაჩენთ. ეს არასწორია, რადგან საზოგადოება ჩვენგან უფრო მეტ მუშაობას და ნაკლებ დაძაბულობას მოელის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.