გია ვოლსკი - რატომ გვიკვირს, დესტრუქციას რომ აპირებენ, საქართველო ხომ 90-იანი წლებიდან ამათი გავლენის ქვეშ ცხოვრობს
გია ვოლსკი - რატომ გვიკვირს, დესტრუქციას რომ აპირებენ, საქართველო ხომ 90-იანი წლებიდან ამათი გავლენის ქვეშ ცხოვრობს

რატომ გვიკვირს, დესტრუქციას რომ აპირებენ, საქართველო ხომ 90-იანი წლებიდან ამათი გავლენის ქვეშ ცხოვრობს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ჯერ „მოქალაქეთა კავშირში“ იყვნენ მოწინავე პოზიციებზე, შემდეგ 2003-დან 2012 წლამდე უამრავი ოჯახი დააქციეს და საქართველოს ინტერესებს გადაუარეს, მათ შორის, ტერიტორიების დაკარგვით. ახლა კიდევ დესტრუქცია უნდათ, არეულობა და დესტაბილიზაცია, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ორიენტირება იმაზე, რომ როგორმე, ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, მით უმეტეს, ამხელა გამოწვევების ფონზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გაიზიარებს და მანდატების შეწყვეტას მოითხოვს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტას პირადად, მხარს დაუჭერს და მიესალმება იმას, თუ ვინმე აღმოჩნდება ისეთი, ვინც კონკრეტული პირისგან, მიხეილ სააკაშვილისგან წამოსულ აგრესიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება.

„ქვეყანა არ უნდა მიატოვო, ეს არის მთავარი და ამას გავაკეთებთ. ალბათ, გუშინდელ დღეს უნდა ჩაბარდეს ეს, თორემ რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ვთქვათ, კონკრეტულ პატიმარზე, ამ დესტაბილიზაციის გეგმებზე? დესტაბილიზაციაა ქვეყანაში და არ არის ინვესტიცია, არ არის ინვესტიცია, არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ბიზნესი, ლარის კურსი ირყევა და ბოლოს და ბოლოს, ამის ასე მიტოვება არ შეიძლება. ასე რომ, უნდა ვიმუშაოთ იმ გეგმებზე, რაც დავსახეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიულ მოწინააღმდეგეს ჰყავს გულშემატკივრები, რომლებსაც არეულობა არ უნდათ, რადგან მათ უკან ოჯახები დგანან და ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველა მოქალაქეზე იზრუნოს, იმის მიუხედავად, ვინ ვის დაუჭირა მხარი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, საკრებულოებში თემების განხილვა არ მოხდეს, პროექტები და სტრატეგიული მიმართულებები არ განვითარდეს და თემები არეულ-დარეული იყოს. აი, ამაზეა მოწოდებული ეს ერთი კონკრეტული ძალა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ – 45%-ია, 43 თუ 15%, იმ ხალხსაც უნდა ემსახურო, იმ გეგმებით, ბიუჯეტით და პროექტებით, რომელიც გაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია მმართველი გუნდის ასეთი მცირე სხვაობით გამარჯვება და რაზე მიუთითებს „ქართულ ოცნებას“ ის, რომ მხარდაჭერის ასეთი მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ იმ პარტიის კანდიდატებს, რომელიც ხელისუფლებიდან ცხრა წლის წინ წავიდა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამაზე გაღიზიანებული ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან თითოეული ხმის უკან დგას ადამიანი, თავისი კონკრეტული შეხედულებით.

„მეორეც, ქვეყანაში არის პრობლემები და ალბათ, საჭიროა ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მეტი ლაპარაკი, ვიდრე ამ დესტრუქციაზე გადაყოლა, მაგრამ ფაქტია, ამაზე ლაპარაკის საშუალება არ შექმნა ამ სპექტრმა, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე საუბრობდა, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა გზა არც არის. გარდა ამისა, ნუ ჩამოვაგდებთ დაბლა მედიის როლს, აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებზე და ბეჭდურ მედიაზე. როცა უშველებელი რაოდენობის ტელემედია გიტევს და გიტევს ისეთი მეთოდებით, რომელსაც ნორმალური არ ჰქვია, საკმაოდ რთულია, თავი დაიცვა და ილაპარაკო მხოლოდ პროექტებზე. ვფიქრობ, ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ რეკომენდაციების გათვალისწინება და რატომ ისმოდა საერთაშორისო მისიების განცხადებებში ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლა-მოსყიდვა, რის შესახებაც ოპოზიციაც საუბრობს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისიის შეფასებებში საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ზეწოლის ფაქტები იყო.

„მთელ ამ პროცესს რომ გადახედოთ, გვერდით ოთახში გახვიდე და ტელევიზორიდან მხოლოდ ხმას უსმინო, ისეთი წარმოდგენა შეგექმნება, რომ ფანჯარას გამოაღებ და აფეთქება, ცეცხლი, ბარიკადები და ბარიკადებზე გასული იარაღიანი ხალხია, ვიღაც ძველი ბიჭები არიან ჩაკუზული და საქმეებს არჩევენ. აი, ასეთ შთაბეჭდილებას ქმნიან. ინფორმაციას ოთხი-ხუთი ორგანიზაცია რომ მიაწვდის და ამაზე მუდმივი ლაპარაკი იქნება, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს. კი ბატონო, მისიის შეფასებებში მოხვდა, მაგრამ იქ საუბარია, რომ შესაძლოა, ზეწოლის ფაქტები იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ოპოზიციამ სადამკვირვებლო მისიები შექმნა, რომელზეც ეუთო/ოდირის მოხსენებაში წერია, რომ ისინი იყვნენ არა დამკვირვებლები, არამედ პარტიული აქტივისტები და უფრო უარესი, ტელევიზიები მოქმედებდნენ, როგორც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები.

„ახლა, რა არის ამაში ცუდი – თითქოს, მე უნდა გამიხარდეს, აი, ხედავთ, ჩემზე ასე თქვეს, მაგრამ სამაგიეროდ, შენზე ასე თქვეს, მაგრამ რეალური მიზანი ის არის, რომ ისე წარმოჩინდეს, თითქოს საქართველოში ქაოსი და სტაბილურობის სერიოზული დეფიციტია, რამაც რასაკვირველია, ქვეყნის განვითარებას უნდა შეუშალოს ხელი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.