გია ვოლსკი – რამდენიმე მთავარი საკითხია, რისთვისაც მზად ვართ, არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ
რამდენიმე მთავარი საკითხია, რისთვისაც მზად ვართ, არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. არჩევნები ისეთი დარღვევების ფონზე არ ჩატარებულა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე, ჩვენი პარტნიორების დასკვნაც სწორედ ამ შინაარსისაა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.
გია ვოლსკი ალეკო ელისაშვილის პოზიციას სახელმწიფოებრივს უწოდებს.
„მეორე თემა ეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესების წინაშე. ჩემი პოლიტიკური ანტიპატიის თუ განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და იმ პოზიციას უპირისპირდება, რომელიც გააჩნია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც საქართველოში თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად დესტაბილიზაცია მიაჩნია. თუ ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, ისიც უნდა იცოდეს, რომ თემები არსებობს, რაზედაც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის. რაც შეეხება დეტალებს, უნდა იყოს გამჭვირვალე შეხვედრები და მოლაპარაკებები. მზად ვართ, ალეკოსთან შეხვედრისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის საჯაროდ გამართოს შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“, სადაც საუბარი შეეხება კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებს.
„ჩემი და პარტიის „მოქალაქეების“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. საკითხი, თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია“, – აღნიშნა ელისაშვილმა.