გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რევოლუციური სცენარისთვის სხვადასხვა მიზეზი იპოვოს და დასავლეთის ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარი სპეკულაციური ვერსიით მიაწოდოს
გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რევოლუციური სცენარისთვის სხვადასხვა მიზეზი იპოვოს და დასავლეთის ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარი სპეკულაციური ვერსიით მიაწოდოს

ევროკავშირის გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობისთვის“ და საერთოდ რადიკალური ოპოზიციისთვის იყო სერიოზული გაწბილება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ევროკავშირმა როგორც ჩანს, შეხედა და სტატუსის საკითხი იმიტომ კი არ გადაავადა, რომ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ვერ მოასწრებს, აქ პროცესია და „ქართული ოცნება“ ჩაეტევა ამ ვადებში, რომელზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, მაგრამ მუშაობაა და ოპოზიციის შემოტანილმა თემებმა არათუ დეპოლარიზაციას შეუქმნა წინაპირობა, არამედ პირიქით. ამათ რომ იგრძნეს, რომ ევროკავშირი მთლად ასე, ევროპარლამენტის იმ საშინელ რეზოლუციაზე დაყრდნობით კი არ იღებს გადაწყვეტილებებს, „ნაცმოძრაობის“, კუბილიუსის და იუკნევიჩიენეს კარნახით, არამედ აქ გადაწყვეტილების მიღებაში სერიოზული ხალხი, პოლიტიკური ლიდერები არიან ჩართული და „ნაცმოძრაობისთვის“, თუ საერთოდ რადიკალური ოპოზიციისთვის ეს იყო სერიოზული გაწბილება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ გზავნილი, რომ ევროკომისია საქართველოს პოლიტიკურ ელიტას დეპოლარიზაციის მცდელობებში არ დააჩქარებს და ამიტომ, გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებს; რატომ გახანგრძლივდა ვადა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ქართული ოცნების“ გეგმა პოლაზარიზაციის შემცირების ნაწილში ბრიუსელმა სწორად არ მიიჩნია.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რევოლუციური სცენარისთვის სხვადასხვა მიზეზი იპოვოს და დასავლეთის ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარი სპეკულაციური ვერსიით მიაწოდოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აღიქმება საერთაშორისო პარტნიორების თვალში ის ფაქტი, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია სრული შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი და რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც მიიყვანოს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად უნდა იმუშაოს და შექმნას ევროსტანდარტის შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დეპუტატების იმ რაოდენობით მიიღება, რაც წინსვლას განაპირობებს.

„ხალხმა ეს პარტიები პარლამენტში სამუშაოდ აირჩია, მაგრამ ისინი მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში არიან. ამას ბოიკოტიც აღარ ჰქვია, საბოტაჟი ჰქვია. რა უნდა გავაკეთოთ? – უნდა ვიმუშაოთ და დოკუმენტი უნდა შევქმნათ და ეს დოკუმენტი დეპუტატების იმ რაოდენობით უნდა მივიღოთ, რომელიც რაღაც წინსვლას განაპირობებს. ეს დოკუმენტი უნდა იყოს იმ სტანდარტით, რომელიც ევროსტანდარტს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, უნდა დავივიწყოთ ეს ცაიტ-ნოტური სიტუაცია და მუდმივი მცდელობა იმის, რომ ამის გარშემო რაღაც აჟიოტაჟი შეიქმნას. რას ვაკეთებ მე, რომ ამ სამუშაო პროცესში შემოვიყვანო ვთქვათ, რომან გოცირიძე? რას ვაკეთებ და ვეპატიჟები და დავურეკო, თუ რა? აქ პიროვნული ურთიერთობების თემა კი არ არის, ამ საკითხებზე მუშაობაა აუცილებელი და ამ საკითხების მიღმა არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც ქვეყანას ეხება, მათ კი პასუხისმგებლობის აღება არ სურთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არის ეროვნული იდეა და ამ ეროვნული იდეის ჩამოყალიბებაში „ქართულმა ოცნებამ“ ლომის წილი შეიტანა.

„საზოგადოებას, რომელიც 2012 წელს ახალ ხელისუფლებას დაზაფრული დახვდა, ვერც კი წარმოედგინა, რომ ევროსტანდარტი არსებობდა ისეთი, რომელიც შეიძლება, მხარს უჭერდეს სადისტურ რეჟიმს, „ნაცმოძრაობას“, რომელიც კლავდა და აწამებდა. ხომ გვარებით ვიცით, ვის ხოცავდნენ, ვის აწამებდნენ, ვინ მოკლეს და რა ტაშ-ფანდური ჰქონდათ ატეხილი ამ ყველაფრის გამო, ტყუილს ხომ არ ვიგონებ?! შემოვედით და დავალაგეთ სიტუაცია. ზუსტად ავხსენით, რას წარმოადგენს ევროპული ფასეულობა, რატომ გვჭირდება, საითკენ მივდივართ, და გავხდით ასოცირებული წევრი, სავაჭრო ურთიერთობები გავაფართოეთ, ხელშეკრულებები დავდეთ და ვიზალიბერალიზაციას მივაღწიეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.