გია ვოლსკი - რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა დესტაბილიზაციის გეგმა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო სტატუსის არმოცემა
გია ვოლსკი - რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა დესტაბილიზაციის გეგმა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო სტატუსის არმოცემა

ყველამ იცის, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო, ხალხმა სწორად გადაწყვიტა, რომ 2012 წლიდან არცერთი არჩევნები არ მოაგებინა „ნაცმოძრაობას“ და დღეს მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ამდენი ხანია, ვიღწვით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის მიღწევები იწვევს სერიოზულ გაწბილებას რადიკალურ ოპოზიციაში.

„მათ ჩაუვარდათ დესტაბილიზაციის გეგმა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო სტატუსის არმოცემა. აქედან გამომდინარეობს ყველა ის არაადეკვატური, ისტერიკული განცხადება, რომელსაც ვისმენთ ჩვენი ოპონენტებისგან. ხალხი არის წყარო ხელისუფლებისა, ხალხმა აირჩია ხელისუფლება და მან ყველაფერი გააკეთა, ჩაატარა ის სამუშაო, რის გამოც გახდა ასოცირებული წევრი, რის გამოც აქვს თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა, ახლა კიდევ სტატუსი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კიდევ მეტი პროგრესი გვექნება.

სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდაც საგანგებო მნიშვნელობისაა ევროინტეგრაციის პროცესში. რომ ყოფილიყო ეს უჭკუო ხალხი ხელისუფლებაში, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, მისი ხალხიც და, რასაკვირველია, ჩვენ არ გვექნებოდა პერსპექტივა არათუ ეკონომიკური ზრდის, არამედ გადარჩენის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, არავითარი მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია მუშაობაში ჩაერთვება, მმართველ პარტიას არ აქვს.

„ისინი აფასებენ, როგორც შეუსრულებელი ამოცანების შესასრულებელ დათქმას, რაც აბსურდია. რაც არის რეკომენდაციებში მოცემული, მასზე მუშაობა გრძელდება, ეს მუშაობა უნდა იყოს იმ სტანდარტით, რომელიც ახასიათებს საქართველოს ანუ იგივე ევროპული პოლიტიკური კულტურის ქვეყანას. ვერ ვხედავ, რომ რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციის გეგმას დაანებებს თავს და სრულფასოვან საპარლამენტო მუშაობას მიჰყოფს ხელს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.