გია ვოლსკი - ქვეყანაში უბედურება რომ არ მოხდეს, საზოგადოების მზაობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთ თავგაცხელებულ პოლიტიკოსს ჰგონია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში უბედურება არ მოხდეს, საზოგადოების მზაობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთ თავგაცხელებულ პოლიტიკოსს ჰგონია.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სერიოზული რესურსი გააჩნია ყველანაირი დანაშაული აღკვეთოს.
„საპროტესტო აქცია ნორმალურია, დემოკრატიულია და აქციებს ვუყურებთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში. ხედავთ, რამხელა მასშტაბის აქციებია. რასაც სააკაშვილი გეგმავს, ის სახელმწიფოს სტაბილურობას ემუქრება, თუმცა ის სტანდარტი, რასაც დემოკრატია ჰქვია, შებღალული არ უნდა იყოს. საპროტესტო აქცია დაშვებული ფორმაა იმის, რომ მოითხოვო, მაგრამ როცა ღებულობ და აქცია გრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მიზანია, არა გადათვლა და გარკვეული უბნების გაუქმება, არამედ სულ სხვა რამ-ის, რასაც ლიდერი ნათელაშვილი თუ სააკაშვილი გკარნახობს, რომ გააკეთო. საკმარისი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეთქვა, რომ კარგი და მაღალი დონის არჩევნები ჩატარდა, რომ იმ წუთში, ოპოზიციის ჯგუფი დაუპირისპირდა ამერიკის ადმინისტრაციას. თურმე, ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, საქართველოში ამერიკის საელჩო შეიცვლის რიტორიკას, თითქოს, ამას საელჩო შეუთანხმებლად და დამოუკიდებლად აკეთებს. ეს არათუ რეალური არ არის, მავნებლური განცხადებაა. ჩანს, რა პროდასავლელებიც არიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.