გია ვოლსკი – ქირაობდე სახლს პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან და მასვე უჭერდე მხარს პოლიტიკურად, სრულიად შეუსაბამოა ელჩის საქმიანობასთან, ეს არის ნორმის დარღვევა

16:59, 04.08.2025

საელჩო ვალდებულია, დამფინანსებელს, ანუ სახელმწიფოს ანგარიში მიაწოდოს იმის თაობაზე, რა თანხას რისთვის ხარჯავს, სახლის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი. ბერლინს აქვს თუ არა ინფორმაცია, რა თანხას იხდის ელჩი ფიშერი აპარტამენტის დასაქირავებლად?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ელჩი ქირაობდეს სახლს პოლიტიკური ლიდერის ოჯახისაგან და მასვე უჭერდეს მხარს, სრულიად შეუსაბამოა ელჩის საქმიანობასთან.

„რა თანხას ასახელებს ბერლინის წინაშე ანგარიშის დროს და რა თანხა ქვეყნდება იმ დოკუმენტებში, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ? სამართლებრივი საკითხია, ისევე როგორც საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულად ელჩის საქმიანობას. მეორე საკითხია პოლიტიკური ასპექტი ამ თემისა. ქირაობდე სახლს პოლიტიკური ლიდერის ოჯახისაგან და მასვე უჭერდე მხარს პოლიტიკურად, მათ შორის კონკრეტული აქტივობებით, ეს არის ყოვლად დაუშვებელი ვითარება, რომელიც შეიძლება ერთ შემთხვევაში შეიქმნას, თუ კონკრეტული ელჩი ან პოლიტიკური ფიგურა არად დაგიდევს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ პატივისცემას. იხდის თუ არა ამ შემოსავლიდან ხაზარაძის ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტში, უცნობია, ბნელით არის მოცული. რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში იკვეთება პოლიტიკური ასპექტი, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ელჩის საქმიანობასთან კონკრეტულ ქვეყანაში. უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ხარ გარიგებაში და ამავე დროს მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს. ეს არის ნორმის დარღვევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი