გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ დაშლასა და დაპირისპირებებზე საუბარი ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება
გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ დაშლასა და დაპირისპირებებზე საუბარი ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება

საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დაიშლება და ხელისუფლებაში დაპირისპირებები იქნება, ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკიმ უპასუხა კითხვას: „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და მოსალოდნელია თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა“.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილმა საკმაოდ მყარი გუნდი შექმნა საიმისოდ, რომ ცრუ ინფორმაციებს არ აყვნენ.

„ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ფაქტორი მხოლოდ მის პიროვნებაში არ იყო, საწყისისთვის ასე იყო, როცა მის გარშემო პოლიტიკური ძალები შეიკრიბნენ, მაგრამ მას შემდეგ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მოწყობის საერთო ამოცანები და ხედვები, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე. გამაერთიანებელი ფაქტორები თავად საქმეებია, რომელიც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს. ბიძინა ივანიშვილმა ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დახარჯა. მართვის სისტემაში გარკვეული ხინჯებიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მართვის ისეთი ფორმატი მივიღეთ, სადაც არც პიროვნული დაპირისპირებებია და არც განსხვავებაა ხედვებს შორის. თუ რამე განსხვავება არსებობს, ეს კამათით წყდება, რასაც ხელს უწყობდა ბიძინა ივანიშვილი იმ სტრატეგიული გეგმით, რაც 2011 წელს ჰქონდა ჩამოყალიბებული, საკმაოდ მყარი გუნდი შექმნა იმისთვის, რომ არ ავყვეთ ცრუ ინფორმაციებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.