გია ვოლსკი - პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არავის დაუშლია, მუქარებისა და ანგარიშსწორებების დრო წავიდა
გია ვოლსკი - პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არავის დაუშლია, მუქარებისა და ანგარიშსწორებების დრო წავიდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არავის დაუშლია და არც მისი მისამართით მუქარის შესახებ სმენია.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა: „მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ“.

გია ვოლსკის განცხადებით, მუქარებისა და ანგარიშსწორებების დრო წავიდა.

„პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია. ობიექტურად რომ ვთქვა, მუქარა არ გამიგია, მაგრამ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის წევრს მის მიმართ კრიტიკა „წამოსცდება“ და მის პოზიციას არ გაიზიარებს, ამას მუქარას თუ დაარქმევს, მაშინ რაღაც კონიუნქტურული გათვლა აქვს. რეალურად, არა მუქარა, არამედ პლურალიზმი უნდა დავარქვათ აზრთა სხვადასხვაობას. მომავალი წელიწად-ნახევარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება და ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მუქარა? მუქარა რით? რა რესურსით შეიძლება, ვინმეს დაემუქრო? მუქარების და ანგარიშსწორებების პერიოდი, დრო წავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.