გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა
გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა

ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და გაუქმება კარგი არ არის, მით უმეტეს, რომ შეთანხმების პათოსი ითვალისწინებდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსის მიღწევის საშუალება უნდა მოეძებნათ. პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, შეთანხმებას რამდენიმე პარტია საერთოდ არ შეუერთდა, რაზედაც პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, რადგან უკვე ნათელი იყო, თუ რა მიმართულებით ვითარდებოდა სიტუაცია.

„პრეზიდენტმა ვითარება ისე გაანალიზა, როგორც თავად ხედავს. გაანალიზა შედეგები, საკმაოდ ცუდია ის შედეგი, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე პარტიები ვერ ნახულობენ რესურსს, რათა საერთო პოზიციები შეიმუშაონ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო, რადგან მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალურია ის, რომ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი არასდროს უთქვამს და ამის არდანახვა სწორი არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, სიტუაცია ასე თუ ისე უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, მაგრამ პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პრეზიდენტის პოლიტიკა ასეთია, ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა და საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის ის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პარტია მიჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს მარგინალიზაცია.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის  არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით პოლარიზაცია არ შემცირებულა.

დატოვე კომენტარი