გია ვოლსკი - პრემიერმა იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, ოპონენტები კალაპოტიდან ამოვარდნენ
გია ვოლსკი - პრემიერმა იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, ოპონენტები კალაპოტიდან ამოვარდნენ

მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით პრემიერმა იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენი ოპონენტები კალაპოტიდან ამოვარდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათ შორის არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხატია დეკანოიძე და დანი და ძმანი მათნი. ამხელა სიცრუის კორიანტელი დააყენეს, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, საქართველო რუსეთსა და ამერიკას შორის დავის საგანი იყოს. ასეც რომ იყოს, თუ მოილაპარაკებენ, ეს უკეთესი არ არის?! რასაკვირველია, არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე. განა იმავეს არ გამოხატავს საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტი, რომ საქართველო პოლიტიკაში დიდი მოთამაშეების შეთანხმებით დაინტერესებულია?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება საზოგადოების დაკვეთაც არის, რადგან რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების მოგვარებას მხარს იმდენივე ადამიანი უჭერს, რამდენიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. 

„ეს დამოკიდებულება სენტიმენტებითა და სიყვარულით არ არის გამოწვეული. არის პარტიები, რომლებიც თავიანთი პოზიციების გამაგრებას ამ ნიშაში ცდილობენ, მაგრამ ჩვენთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია კოპწიაობას არ წარმოადგენს, როგორც ეს ჭიაბერაშვილისთვის არის. ჩვენთვის ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად არის რუსეთთან უაღრესად პრობლემური ურთიერთობის გასაღები და რამდენადაა შესაძლებელი ამ პრობლემის ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში მოგვარება, თუ აქცენტი მაინც საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე უნდა გადავიტანოთ და მსოფლიოში ვითარების შეცვლას დაველოდოთ, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებაში საქართველო რუსეთთან პირისპირ არ დარჩეს, რისთვისაც ჟენევის ფორმატი კარგია. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი, რასთან დაკავშირებითაც საერთაშორისო პარტნიორებს შორის ეჭვი არავის უჩნდება.