გია ვოლსკი - პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიოდში რა შეთანხმებას მიაღწევდნენ
გია ვოლსკი - პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიოდში რა შეთანხმებას მიაღწევდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუშინ აშშ-ის საელჩოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ სადილზე საუბარი ქვეყნის სტაბილურობის მნიშვნელობას შეეხო.

მისივე თქმით, გუშინდელი სადილი არაოფიციალური ხასიათის შეხვედრა იყო.

„რასაკვირველია, კვლავ საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიებმა, ყველამ, არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა დააყენოს წინ პარტიული, გარკვეული პიროვნებების ინტერესი, რომელიც ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი გამოჩნდა და მათ უკან არც პარტიაა, სახელია მხოლოდ და პიროვნება. ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ქვეყანა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ევროკავშირისთვის, რომლის წარმომადგენელიც ამ შეხვედრაზე იყო, და ევროპისთვის, ზოგადად, არის საგანგებო მნიშვნელობის. ამის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება არის სტაბილურობა. საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესების გამოხატვა, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდეს, ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია და სწორად უნდა შევაფასოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე არანაირ კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები სიმართლეს არ შეესაბამება.

„სულ ვფიქრობ, როგორ მოვუძებნო გამართლება რაღაც უსაფუძვლო, არაკომპეტენტურ განცხადებებს, თუნდაც ემოციურად და სიტყვათწყობით კარგად იყოს გამოხატული. რას ჰქვია სადილის განმავლობაში თანხმობის მიღწევა, ან რა საკითხებზე შეიძლება, შეთანხმებულნი ყოფილიყვნენ პოლიტიკური ჯგუფები. ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიოდში რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი? აქ ლაპარაკია, რომ გაითავისოს ყველამ, რა სჭირდება მსოფლიოს მოკავშირე საქართველოსგან. იმდენად არაკომპეტენტური კომენტარები კეთდება, რომ ცოტა ძნელია, ამაზე საკუთარი აზრის შესაბამისობაში მოყვანა“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინ საღამოს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი კონკრეტულ პოლიტიკურ თემებს არ შეხებია.