გია ვოლსკი - პოლიტიკურ ველზე ბევრი სიტყვიერი შეჯახება ხდება
გია ვოლსკი - პოლიტიკურ ველზე ბევრი სიტყვიერი შეჯახება ხდება

პოლიტიკურ ველზე ბევრი სიტყვიერი შეჯახება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უამრავი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი პრობლემა დარჩა. ვოლსკის განცხადებით, შეიქმნა ქვეყნის ისტორიისთვის უპრეცედენტო სოციალური პაკეტი, ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც ადამიანებს არ დასდევენ და არ აწამებენ.

„პოლიტიკურ ველზე ბევრი სიტყვიერი შეჯახება ხდება. მაგალითად, ვთქვი, რომ საეჭვო გარემოებები იყო, როცა 17 მილიონი დაიკარგა „თიბისი ბანკიდან“ და პირად ანგარიშებზე აღმოჩნდა. ამ განცხადების გამო, ბადრი ჯაფარიძემ ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვფიქრობ, ეს სამოქალაქო თემას უფრო ეხება, მაგრამ ასე რომ გავყვეთ, უამრავი საჩივარი იქნება, რაც შეიძლება, პოლიტიკოსებმა ერთმანეთს წაუყენონ. მთავარი თემა სხვა არის. გვაქვს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გიორგი გახარიამ თავი აარიდა ნარკოტესტს, მგონი, რომ ეს საფუძველი გვაქვს, თავი აარიდა. თუ გამოძიება დამატებით ინფორმაციას მოიტანს და სარჩელს განხილვაში მიიღებს, ეს ჩემი განსახილველი არ არის.

რაც შეეხება გახარიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილზე, ეს ის პერიოდია, როცა გახარიას ნათქვამს არავითარი ფასი არ აქვს. მხოლოდ უმადურობაზე არ არის საუბარი, ლაპარაკია რეალური სიტუაციის შეფასებაზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. გადავრჩით უშველებელ საფრთხეებს, შევქმენით ჩვენი ისტორიისთვის უპრეცედენტო სოციალური პაკეტი, ჩამოვაყალიბეთ სისტემა, სადაც ადამიანებს არ დასდევენ და არ აწამებენ. უამრავი სხვა რამ გაკეთდა და ბევრი პრობლემა დარჩა. ბიძინა ივანიშვილმა თავი არაერთ პროექტში გამოიჩინა. მას არასდროს, არავისთვის, არაფერი დაუყვედრებია და ქება-დიდება არ მოუთხოვია. მის მიერ გაკეთებული უამრავი პროექტია, რომელიც თაობებს დარჩებათ. გახარიას მხრიდან ამ ადამიანის მიმართ ნდობა არის სასაცილო, უზნეობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.