გია ვოლსკი - პიკეტირება და პარლამენტის მუშაობის დაბლოკვა ოპოზიციის ის გზაა, რომლის შესახებაც მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს სწორი ინფორმაცია არ აქვს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პიკეტირება და პარლამენტის მუშაობის დაბლოკვა ოპოზიციის ის გზაა, რომლის შესახებაც მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს სწორი ინფორმაცია არ აქვს.
გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მორიგ რაუნდზე ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის გეგმაზე, რომლის თანახმადაც, თუკი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კვლავ პიკეტირებას მიმართავენ.
„რას ამბობს ვოლსკი ან ვაშაძე თუ ბოკერია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად საფრთხის შემცველია ესა თუ ის პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. პიკეტირება და პარლამენტის მუშაობის დაბლოკვა ეს ის გზაა, რომელსაც ჩვენი ოპონენტების დიდი ჯგუფი მიჰყვება და სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით ბევრ ახალგაზრდას, რომელიც მონაწილეობას ღებულობს, არ აქვს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენი კონკრეტული შეთავაზება მნიშვნელოვანწილად იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებებს. გარდა ამისა, საქართველოს გამოიყვანს შესაძლო კრიზისის საფრთხიდან“, – აცხადებს ვოლსკი.
ამასთან, გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებაზე, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს და ამიტომაც, მათი მოთხოვნაა, მოლაპარაკებებს თავად ივანიშვილი დაესწროს.
„ეს ღლიცინი და ქილიკი, რასაკვირველია, ის მეთოდია, რითიც განაპირობებენ ჟურნალისტების შეკითხვას. ბიძინა ივანიშვილი არ იღებს გადაწყვეტილებას არც ამ და არც ბევრ სხვა საკითხზე. გადაწყვეტილება არის კოლექტიური და არ არსებობს არც ერთი ადამიანი, მიშა სააკაშვილის თვისებებიც კი, რომ ჰქონდეს დღეს და ვთქვათ, სააკაშვილი არ იყოს, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს არის გამორიცხული ამბავი. ყველას თავისი მოსაზრებები აქვს. ამ მოსაზრებების შეჯერებით ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანას მოვემსახუროთ და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას“, – აცხადებს ვოლსკი.