გია ვოლსკი - პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს
გია ვოლსკი - პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი. პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ვაკის პარკის საქმეზე ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„როცა საქმე 13 წლის გოგონას, ადამიანს ეხება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც ამ ადამიანს არ გლოვობენ, ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც შემოგთავაზეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არსებობენ და ამ ტრაგედიებს შორის კიდევ რამე თუ მოხდა და ევროკავშირის ან ევროპარლამენტის წარმომადგენელმა თუ რაიმე ცუდი თქვეს საქართველოზე, იწვევს აღფრთოვანებას და ზეიმს. ამის იქით არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ – არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ან მედიცინაში, ან ნებისმიერ სხვა სფეროში და ადამიანის სიცოცხლე მათზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი აქედან. პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს. თქვენ მორალურ თემებზე გადადიხართ მაშინ, როცა ამორალურია ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი და პარტია, რომლებიც გმართავენ თავისი პიარით, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გამოვლინებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი 18 ოქტომბერს დააკავა.