გია ვოლსკი - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის მოლოდინი არც აქამდე ყოფილა და არც ახლაა, მათი მიზანია, სააკაშვილის მითითება იყოს შესრულებული
გია ვოლსკი - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის მოლოდინი არც აქამდე ყოფილა და არც ახლაა, მათი მიზანია, სააკაშვილის მითითება იყოს შესრულებული

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით ახალი დაძაბულობის კერის შექმნას შეეცდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნება არ არის დაკავშირებული გარკვეულ თემებზე საგნობრივ მსჯელობასთან და კამათთან. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მიხეილ სააკაშვილის მითითება შეასრულოს და დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„თურმე როგორ ცუდად ექცეოდნენ ადამიანს, რომელმაც თავი გამოიჩინა ციხეებში დესპოტური მართვით. მათი გეგმაა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და იყოს დამატებითი, ახალი დაძაბულობის კერა, თუმცა ამჯერად არა საქმეზე საუბრისთვის, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე საუბრისთვის. იმ მიზნებზე, რაც „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიულ გეგმაში მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. ნიკანორ მელიამ თქვა, კომისიის გარდა, სხვა საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთო, მაგრამ პარლამენტში ამ ფრაქციის მხრიდან მუშაობის მოლოდინი არც აქამდე ყოფილა და არც ახლა არის. მათი მიზანია, სააკაშვილის მითითება იყოს შესრულებული, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თურმე როგორ ცუდად ექცეოდნენ ადამიანს, რომელმაც თავი გამოიჩინა ციხეებში დესპოტური მართვით და მის მიმართ როგორ არის დანაშაული ჩადენილი. მათი მხრიდან სხვა თემებზე პოზიციის დაფიქსირება მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.