გია ვოლსკი - პარლამენტი ვალდებულია, სახელმწიფო სტრუქტურას პატივი სცეს, თუ ეს არ გააკეთა, გამოდის, რომ ის პარლამენტარები, ვინც ამას მხარს არ დაუჭერენ, ეთანხმებიან იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია რევოლუციური განვითარება
გია ვოლსკი - პარლამენტი ვალდებულია, სახელმწიფო სტრუქტურას პატივი სცეს, თუ ეს არ გააკეთა, გამოდის, რომ ის პარლამენტარები, ვინც ამას მხარს არ დაუჭერენ, ეთანხმებიან იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია რევოლუციური განვითარება

პარლამენტის ფუნქციაში არ შედის, განსაზღვროს ნიკა მელიას ბრალეულობა, პარლამენტის ფუნქციაში შედის მისცეს საშუალება სასამართლო ორგანოს გადაწყვიტოს დაარღვია, თუ არა გირაოს პირობები ნიკა მელიამ, ამის შემდეგ იქნება განხილვა, რომელიც ეხება მის ბრალეულობას,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამართლი უნდა აღსრულდეს და სასამართლომ განიხილოს მელიას საკითხი.

„ეს არის ორი სხვადასხვა ეტაპი და ორივე ეტაპზე, რასაკვირველია, სასამართლო იქნება წარმმართველი, გადამწყვეტი და არა პარლამენტი. პარლამენტი ვალდებულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურას, სახელმწიფო მართვის შტოს პატივი სცეს და თუ ეს არ გააკეთა გამოდის, რომ ის პარლამენტარები, ვინც ამას მხარს არ დაუჭერს, ე.ი. ეთანხმებიან იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია რევოლუციური სცენარი, განვითარება, დაუმორჩილებლობა, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არის მიღებული უმრავლესობის გადაწყვეტილებაც, რომ რასაკვირველია, სამართლი უნდა აღსრულდეს და სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.