გია ვოლსკი - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, პესიმიზმის წინაპირობა არ არსებობს
გია ვოლსკი - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, პესიმიზმის წინაპირობა არ არსებობს

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი. პესიმიზმის განწყობა და წინაპირობა არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ძირითადად ისმენდა, მაგრამ თავისი შენიშვნებიც ჰქონდა.

„ორ ნაწილად გავყავით თემა დღევანდელ შეხვედრაზე: მოთხოვნები, რაც სახელისუფლო რგოლების მიმართ გააჩნია საზოგადოებას, პრეტენზიები და დასაბუთებული უკმაყოფილება. განვიხილეთ ეს საკითხები, რაც წინასაარჩევნო პერიოდში კარგად გამოვლინდა. ასევე ვიმსჯელეთ რესურსზე, რომელიც ჯერ კიდევ გააჩნია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ურთიერთკომუნიკაციის ნაკლებობის გამო, პოლიტიკურ საზოგადოებას გამოაკლდა საკმაოდ კარგი, ენერგიული წევრები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ასევე განხილული იქნა წმინდა პარტიული, წინასაარჩევნო ტექნოლოგიების თემა და გამოვლენილი სისუსტეები.

ვოლსკის თქმით, სამომავლოდ რეგიონულ ჭრილში მუშაობა გაგრძელდება.

„გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონულ ჭრილში მუშაობა. თბილისი ცალკე, დიდი ქალაქები ცალკე, რეგიონებში კიდევ ცალკე იქნება მაჟორიტარები, ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან ამ საკითხების განმხილველები“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტსაბჭოს ყველა წევრი.

„დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ბიძინა ივანიშვილი ძირითადად უსმენდა, მაგრამ თავისი შენიშვნები ჰქონდა. ვისაუბრეთ ყველა თემაზე, პოზიტივზეც და ნეგატივზეც. კიდევ გავიმეორებ, ერთია, რაც ეხება საარჩევნო ტექნოლოგიას და აქ იყო ხარვეზები, ზოგან მნიშვნელოვანი, ზოგან უმნიშვნელო: აქტივობა, ჩართულობა, იგივე ჩვენი გუნდის წევრების უფრო აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა. არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, კოორდინატორების გააქტიურების შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. მეორე ეხება საზოგადოების, ამომრჩევლის დამოკიდებულებას, როგორიც არის სოციალური თემა, პოლიტიკური, შიდა, საგარეო საკითხები, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები და ხელისუფლების მიმართ პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე მოუსმინეს მაჟორიტარებსა და პარლამენტის პროპორციული სიით გასულ დეპუტატებს.

თვითკრიტიკაც იყო და შენიშვნაც, მაგრამ მოსმენა უფრო მეტი იყო, ვიდრე შენიშვნა. სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა და ოპტიმისტურად არის განწყობილი. პესიმიზმის განწყობა და წინაპირობა არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.