გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს, მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება
გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს, მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს საპარლამენტო არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს და მათი ამოცანა რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

დეპუტატის თქმით, უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას საფუძველი სჭირდება, რომელსაც დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნის ან ნებისმიერი კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს.

„რიგგარეშე არჩევნების დაკავშირება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, სამართლებრივად ჩამოყალიბებული წინადადება არ არის. მიმაჩნია, რომ ყველა წინადადება განხილული უნდა იყოს, მაგრამ იმაზე უარის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ გამოიტანოს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის სულ სხვა მოტივებზე მიანიშნებს. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს და მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება და არა რაიმე სახის გადათვლა, შეფასება და კომპეტენტური მსჯელობა, საჭიროა თუ არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციურ პარტიებს კომპეტენტური პასუხები უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ.

„ნაწილს არანაირი არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. მათ შორის, არც რიგგარეშე არჩევნები. მათი პოზიცია არის რევოლუციური სცენარის განვითარების მიზანი. ძირითადად, ეს ძალები „ნაციონალური მოძრაობის”“გარშემო არიან შეკრებილნი. მეორე ნაწილია, რომელსაც უნდა, თავისი პოლიტიკური რესურსი გამოიყენოს და მისი რეალიზაცია მოახდინოს პარლამენტში, მაგრამ გარკვეული შიში აქვთ და თავი ვერ დააღწიეს „ნაცმოძრაობის“ იმ მარწუხებს, რომელიც თავიდანვე შეიქმნა ერთობლივ ფორმატში. მხედველობაში მაქვს, ნათელაშვილის ეზოში მოლაპარაკებების ფორმატი. მათი მხრიდან გადამჭრელი ნაბიჯებია საჭირო. ვისაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს, პარლამენტში უნდა შემოვიდეს, პოლიტიკურ ველზე იბრძოლოს და თავისი სიმართლე დაამტკიცეს. თუ ვინმეს არჩევნების სამართლიან ჩატარებაზე ეჭვი ეპარება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს გადახედოს. თუ ამის მიუხედავად სიმართლეში ვერ დარწმუნდებიან, საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.