გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიები რაში გადავაგდეთ, ვერ გავიგე, პროექტზე ვიმუშავეთ და ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმში მიდიოდა
გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიები რაში გადავაგდეთ, ვერ გავიგე, პროექტზე ვიმუშავეთ და ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმში მიდიოდა

ოპოზიციური პარტიები რაში გადავაგდეთ, ეს ვერ გავიგე, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმუშავეთ და ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმში მიდიოდა, მათგან საბოტაჟის გარდა, საუბარი არაფერზე არ გამიგია, არც საქმიანი წინადადებები ჰქონდათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.

ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

„ჩემი პოზიციაა, რომ საარჩევნო ბარიერი დაბალი უნდა იყოს, ჩვენს გუნდში ზოგს მიაჩნია, რომ მაღალი უნდა იყოს, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბარიერი თუ დაბალი იქნება, მაშინ იმ პარლამენტს დავუბრუნდებით, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა, სადაც უამრავი პარტია იყო გათითოკაცებული და იმას მუშაობა არ ერქვა, აყალ-მაყალი იყო. ოპოზიციას მიაჩნია, რომ პროპორციული რიგგარეშე არჩევნები ხვალ უნდა ჩატარდეს, ეს საკითხი მოხსნილია. საკონსტიტუციო ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება მიღებული, თუ ყველა არ შევიკრიბებით და თუ არ იქნება კვორუმის ის რაოდენობა, რომლითაც უნდა გადავწყვიტოთ, ცვლილება იქნება თუ არა მიღებული. არსებულ პირობებში, დაძაბულობისა და დაპირისპირების ამ ხარისხში, თანამშრომლობა რთულია, მაგრამ არის საქმეები, რაც სახელმწიფოს ეხება”, – განაცხადა ვოლსკიმ.