გია ვოლსკი - ოპოზიციის ნაწილი დემაგოგიის გარშემო ცდილობს გაერთიანებას, თუმცა ევროკავშირის მიერ მოწონებულ უკრაინულ კანონზე ლაპარაკი საერთოდ არ არის
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პოზიციის ნაწილი დემაგოგიის გარშემო ცდილობს გაერთიანებას, თუმცა ევროკავშირის მიერ მოწონებულ უკრაინულ კანონზე ლაპარაკი საერთოდ არ არის.
მისი თქმით, ოპოზიციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული სტრატეგია არ შეცვლილა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხზე იმდენად სამართლიანია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამ თემაზე პოლემიკაში ჩართვისთვისაც კი უხერხულობა შევუქმენით. ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან არც ერთ კანონპროექტზე, არც სახალხო დამცველის არჩევაზე, არც დეოლიგარქიზაციაზე, არც სხვა თემებზე, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტშია განსაზღვრული, საერთო პოზიციის გამონახვის სურვილი არ არსებობს. სამწუხაროა, რომ თავიდან ჩამოყალიბებული დესტაბილიზაციისკენ მიმართული სტრატეგია არ შეცვლილა და დღესაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ველი პრაქტიკულად დაშლილია და ცალკეული სუბიექტები აქა-იქ აქტიურობენ, გაერთიანების ნიშნებიც კი არ ჩანს. გაერთიანებას ცდილობენ დემაგოგიის გარშემო და კონკრეტულად კანონზე, თუნდაც ევროკავშირის მიერ მოწონებულ უკრაინულ კანონზე, ლაპარაკი საერთოდ არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.