გია ვოლსკი – ოპოზიციას აუცილებლად სჭირდება, ივანიშვილი დასახელდეს მთავარ ბრალდებულად იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი არ არის, ვინც თავისი შემოსავლის ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შვეიცარიულ ბანკთან ბიძინა ივანიშვილის დავაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება იმდენად მკაფიო გახდა, რომ არანაირი აზრი არ აქვს, რა განცხადებას გააკეთებენ.
„ფაქტები სახეზეა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უტიფარია და უტევს იმ ადამიანს, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ პოლიტიკასთან, რაც მისგან მოითხოვება. რომც ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი არ არის, ვინც თავისი შემოსავლის ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება. ეს ასე არასოდეს მომხდარა, პირიქით, უამრავი სიკეთე დაუთესავს ამ ქვეყნისთვის. აუცილებლად სჭირდებათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასახელდეს, როგორც მთავარი ბრალდებული იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში. ეს არ არის სიმართლე, საომარი მოქმედებების წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეალურად დაწესებული სანქციები, რის გასამართლებლად იშველიებენ ევროპარლამენტის დადგენილებას, გავლენას ვერ მოახდენს. საქართველო პირველ ყოვლისა – ეს არის ამ ადამიანის აზრი. ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილზე გავლენა მოახდინონ, ერთადერთ რეალურ სურათს წარმოშობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.