გია ვოლსკი - ოპოზიცია ითხოვს, რომ სასამართლომ და საგამოძიებო სისტემამ ფაქტები უარყონ, მოთხოვნის შინაარსი უტოპიურობას განაპირობებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და რასაც ოპოზიცია ითხოვს, იმის აღსრულება სახელმწიფოს დეგრადაციას ნიშნავს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარების სურვილი არ გააჩნია და მათი მიზანი სახელმწიფოს დეგრადაციაა.
„ოპოზიცია ითხოვს, რომ სასამართლომ და საგამოძიებო სისტემამ ის ფაქტები უარყონ, რომლებიც დევს, რომელმაც რამდენიმე ადამიანისთვის გარკვეული სასჯელის შეფარდება განაპირობა და ტელევიზიით მთელმა მსოფლიომ იხილა. მათი ხედვით, ეს უარყოფა ისე უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფომ ამის თაობაზე სასამართლოს შეკვეთა და მითითება მისცეს. ფაქტიურად, ამ მოთხოვნის შინაარსი უტოპიურობას განაპირობებს. აქედან გამომდინარე საფუძველი იქმნება, რომ ვიფიქროთ, საერთოდ არჩევნების თემა არ არის აქტუალური „ნაცკლასტერისთვის“, რადგან დესტრუქცია რაც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში შეუკვეთა, ისევ აქტუალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სატელიტ გაერთიანებას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.