გია ვოლსკი - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, მაგრამ რეალურად, იმ პროექტებზე ითხოვენ ემბარგოს დადებას, რომლებიც განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს
გია ვოლსკი - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, მაგრამ რეალურად, იმ პროექტებზე ითხოვენ ემბარგოს დადებას, რომლებიც განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს

ოპოზიცია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, მაგრამ რეალურად, ისინი იმ პროექტებზე ითხოვენ ემბარგოს დადებას, რა პროექტებიც ქვეყანაში განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ანუ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს სიმსივნის მკურნალობის საუკეთესო ცენტრი, არ უნდა გვქონდეს გარემო, არ უნდა შევცვალოთ ტყე და ა.შ, რადგან ბიძინა ივანიშვილს ეს თუ შეუძლია, რასაკვირველია, მას აგრეთვე შეუძლია, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე; მაგრამ მთავარი კითხვა რჩება, რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მეცენატმა და შექმნა თუ არა მან მმართველობის ის სისტემა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების უმაღლეს დონეს ამკვიდრებს? ჩვენ მართალია, ასოცირებული, მაგრამ ევროკავშირის წევრი ვართ, როგორ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, რის ხარჯზე მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს ყველაფერი ხომ იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“? როგორ მოვუგეთ რუსეთს სასამართლო, როგორ მოვუგეთ ტრიბუნალი, რა მდგომარეობაში დაგვხვდა ხალხის სოციალური მდგომარეობა, რომლებიც იხოცებოდნენ, რადგან სახელმწიფოსგან დახმარება არ ჰქონდათ და ამის შემდეგ იცით, რა შეიქმნა. ამ პროექტებიდან ხომ ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და იმათი შვილები ვერავითარ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებენ, თორემ მორალურ სარგებელზე არ ვსაუბრობ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ დაგროვდა საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რესურსი, რომლებსაც სჭირდებათ საქართველოს ომში ჩართვა და საქართველო, როგორც მორჩილი გეოგრაფიული ერთეული, სადაც ენერგორესურსები გაივლის იმ პირობით, რომ ქვეყანას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამას უზრუნველყოფს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ არის საქართველოს ომში ჩართვა დაკავშირებული ენერგორესურსების ტრანზიტთან, რომელსაც უსაფრთხოება სჭირდება, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საუბარი არ არის დღევანდელ დღეზე.

„მომავალი ევროპული არქიტექტურა განიხილება ისე, რომ ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს თავისი პოზიცია შეიძლება, ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუკი დღეს ჩაერთვება საომარ მოქმედებებში და იმ გამარჯვებაში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიაღწიოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ეს დამოკიდებულება ევროკავშირის ლიდერებსაც, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ევროპაში უმრავლესობის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არ არის.

„შიგნით რა სიტუაციაა, მე არ ვიცი, მაგრამ ევროპაში უმრავლესობის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, მადლობა ღმერთს, ასეთი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.