გია ვოლსკი - ოჯახს ურჩევნია, სააკაშვილმა რეაბილიტაცია შვეიცარიის რომელიმე კურორტზე გაიაროს, მაგრამ მას ყველა სამედიცინო მომსახურება აქვს, რაც არ ჰქონდა სხვებს
გია ვოლსკი - ოჯახს ურჩევნია, სააკაშვილმა რეაბილიტაცია შვეიცარიის რომელიმე კურორტზე გაიაროს, მაგრამ მას ყველა სამედიცინო მომსახურება აქვს, რაც არ ჰქონდა სხვებს

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ურჩევნია, რომ მან რეაბილიტაცია შვეიცარიის რომელიმე კურორტზე გაიაროს, მაგრამ მას ყველა სამედიცინო მომსახურება გააჩნია, რაც არ გააჩნდათ სხვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა და მაგალითად ცოტნე გამსახურდია მოიყვანა.

მისი თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ყველანაირი მომსახურება აქვს და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოტანილია განაჩენები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი.

„თუნდაც, ცოტნე გამსახურდიას მაგალითი გავიხსენოთ, რომელმაც 38 დღე იშიმშილა და არავის არც მოუკითხავს, რას შვრებოდა, რომელ ექიმს შეემოწმებინა და არადა, მას ხერხემალი როგორ დაუზიანეს, ვერც ჯდებოდა. ცოტნე გამსახურდიას თემა მოვიყვანე, რადგან საყურადღებო პიროვნება იყო, თორე, მათი გაგებით არასაყურადღებო პიროვნებები მიწასთან გაასწორეს როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე მორალური კუთხით და არავის მოგონებია, რომ შვეიცარიის კურორტზე ისვენებდეს. მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილია განაჩენები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი. დანაშაულები არის უმძიმესი და მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებული „სისხლის სამართლის კოდექსით“ რომ გვეხელმძღვანელა, მას ციხეში 30 წელზე მეტის გატარება მოუწევდა.

ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ყველანაირი მომსახურება აქვს და თუ სასამართლოს რომელი გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ, რომ არასამართლიანია, საერთაშორისო სასამართლო არსებობს. ვერავინ უარყოფს, რომ „იმედი“ სასტიკი მეთოდით არ დაარბიეს. თუ ამის უარყოფა ან იმის დამტკიცება შეიძლება, რომ სააკაშვილმა არაფერი იცოდა, რასაკვირველია, არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ ეს ყველაფერი ვიხილეთ. უამრავი ადამიანი ვიცით, ვინც მის მიერ შექმნილ რეჟიმს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი