გია ვოლსკი - ნიკა მელიას საქმეზე ბევრი დოკუმენტი დაიდება და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, არა ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვის
ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყების ორგანიზატორზეა ლაპარაკი და გენერალური პროკურატურის მასალები რამდენად უტყუარია, ამას საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე შევაფასებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ნიკა
მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, კომიტეტის ფარგლებში, ძალიან საინტერესო, საყურადღებო თემები იქნება განხილული.
„ბევრი დოკუმენტი დაიდება და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, არა ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვის. უნდა შევისწავლოთ, პროკურატურას რა აქვს, რა მასალებსა და არგუმენტებს მოგვაწვდის. რაც ვიხილე, ეს არის ის, რამაც მიგვიყვანა გარკვეულ საკითხებამდე, რომელსაც ჰქვია – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და უამრავი ადამიანის დაშავება, მათ შორის პოლიციელების, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, სახელმწიფოს აზრია. არაფერი არ იქნება, თუ სამართლებრივი შეფასება არ იქნება.
კომიტეტებში საკითხი დეტალურად იქნება ორივე მხარისგან განხილული. ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც სამართალს აქვს კითხვები, ვინც არ უნდა იყოს, შესაბამის პროცედურებს უნდა გადიოდეს. სამართლიანი განხილვა მოხდება და ყველა თემა სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული. რაც შეეხება პარალელების გავლებას და კითხვას, ლევან ვასაძე ძალადობისკენ მოუწოდებდა, დაკითხეს კიდეც, მაგრამ მასთან დაკავშირებით არანაირი პარალელის გავლება არ მინდა, ადვოკატი არ ვარ. თემა განასხვავეთ.
უმძიმესი შედეგები, საკანონმდებლო ორგანოში შემოჭრის მცდელობა და პირადი მონაწილეობა შტურმში აშკარაა, რომელმაც უამრავი ადამიანი დააზიანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.