გია ვოლსკი - ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, მართალია ქვეყნის, საზოგადოებისა და ისტორიის წინაშე
გია ვოლსკი - ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, მართალია ქვეყნის, საზოგადოებისა და ისტორიის წინაშე

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ და ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა, მართალია ქვეყნის, საზოგადოებისა და ისტორიის წინაშე მიუხედავად იმისა, მის მიმართ რა პოლიტიკური დამოკიდებულება მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულება ნეგატიურია, მაგრამ ამ ვითარებაში რაღაც საკითხებს რომ გამოედევნო – როდის ამბობდა სიმართლეს, ამას ერთი მყარი პასუხი აქვს, სიმართლე არის, რომ ჩვენს ხალხს მობეზრდა ის ვითარება, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვოლსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში, ანგარიში უნდა გაეწიოს საზოგადოებას, რადგან უპირველსად, საზოგადოებას ეკუთვნის ქვეყანა და არა პოლიტიკურ პარტიებს ან სუბიექტებს.

„რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან მოსართლე არ ვარ. საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. მნიშვნელოვანია იმ ნაბიჯის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც წინა განცხადებას აბათილებს და ამ ვითარებაში არანაირი ნიშნის მოგება არ შეიძლება. პირველ რიგში, ანგარიში უნდა გავუწიოთ საზოგადოებას, რადგან უპირველსად, საზოგადოებას ეკუთვნის ეს ქვეყანა და არა პოლიტიკურ პარტიებს ან სუბიექტებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.

დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.