გია ვოლსკი - ნატო-ს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ხაზს უსვამს, რა დონეზეა დღეს საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან
გია ვოლსკი - ნატო-ს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ხაზს უსვამს, რა დონეზეა დღეს საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან

ნატო-ს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა დღეს საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

ვოლსკის შეფასებით, სტოლტენბერგის განცხადება დიდი გამოწვევაა მათთვის, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტივა. საკმაოდ დიდი გამოწვევაა  იმ ხალხისთვის, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. ის დამოკიდებულება, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ ჩვენ მიმართ, საკმაოდ სერიოზული ხაზგასმაა იმისა, თუ რა დონეზეა დღეს საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან და ამ ურთულეს პერიოდში, რომელიც მსოფლიოშია, შეიძლება საქართველო გადარჩეს და გავიდეს სამშვიდობოს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამოცანას თავს გავართმევთ.

ამის საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს თუნდაც ბათუმში, თბილისში, ან რომელიმე სხვა ქალაქში, რომელსაც მართავენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური გუნდები.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებად მიმაჩნია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი თანამშრომლობა დასავლეთ სტრუქტურებთან – ევროკავშირთან, ნატო-სთან და რასაკვირველია აშშ-სთან მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო დონეზე რაც უფრო იზრდება დაპირისპირება დასავლურ ძალებსა და რუსეთს შორის, ჩვენი ოპონენტებისთვის სტრატეგიული მიმართულება ხდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი.

მსურს მოვუწოდო ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია თავისი ქვეყნის, ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, დაფიქრდნენ, თუ რომელ სტრატეგიას ახორციელებენ და როგორ მიჰყვებიან სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში, რომელიც მან დიდი ხანია გაითხარა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.