გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნა კომიკურ სახეს იღებს, უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, ის პარტია არ ვარგა, ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს, სამაგიეროდ, გვყავს გვარამია, „ლელო“, გახარიაო
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნა კომიკურ სახეს იღებს, უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, ის პარტია არ ვარგა, ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს, სამაგიეროდ, გვყავს გვარამია, „ლელო“, გახარიაო

„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი კომიკურ სახეს იღებს, წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე შეუქმნა გახარიამ ქვეყანას და რისთვის? იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ იდეა ამ რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის ყოფილიყო რეალიზებული. არ გამოვიდა. ახლა რა ქნან? უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს, ცალ-ცალკე პლატფორმები შექმნან და ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ, ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს იმ პარტიას, ის არ ვარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, გვყავს გვარამია, გახარია, „ლელო“, რომელმაც ეს გადაუწყვეტელი ხალხი უნდა მოიზიდოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„გახარიამ „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები უნდა მოიზიდოს, გვარამიამ უნდა მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები აღარ არიან, რადგან ამ უინტელექტობის ხარისხს ხედავენ. მელიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ყველაფერს აგვირგვინებს თავისი გამოსვლით დღეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც განცხადებას აკეთებს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ასევე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ახალ პლატფორმაზეც ისაუბრა.

„პლატფორმების შექმნაზე, გაერთიანებებზე, დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა დღეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს აშკარა გახდა. უპირველეს ყოვლისა, სცენარი ითვალისწინებს, ლიდერებმა ბოლო მომენტში განაცხადონ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები ერთმანეთისგან, პიროვნული შეუთავსებლობა, მაგრამ სამშობლოსთვის ჩვენ უნდა შევქმნათ ერთობა, ერთიანი პლატფორმა ევროპისთვის და აქ ყველა უნდა გავერთიანდეთო, ამით, რასაკვირველია, უნდათ გარკვეული პიარული ქულებიც ჩაიწერონ დასავლეთის მხრიდან. ზოგადად, მიმდინარეობს დასავლეთის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ფორუმების ყურადღების მიპყრობის და, შეიძლება, მხარდაჭერის მცდელობები. პლატფორმების შექმნაზე, გაერთიანებებზე, დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა დღეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს აშკარა გახდა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ. დისკრედიტაციის ხარისხიც საკმაოდ მაღალია მათი წარსულის და აწმყოსი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის““.