გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა, მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა
რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიციის რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გარედან ქარტია შესთავაზეს და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ბინძური სიტყვებით აგინებდნენ, ერთი დოკუმენტის გარშემო გაერთიანდნენ.
„მათ წინსვლა არ ჰქონდათ. რასაკვირველია, თუ ახალი ინსტრუქცია იქნება, ყველა გადაეწყობა, მაგრამ ახლა ერთმანეთს გესლავენ. ეს ის ტრენდია, რომელიც ვითარდება. ოპოზიციის დაპირისპირებული ორივე მხარე ქვეყნის წინააღმდეგ აშავებს. „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა – მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა. ნიკა გვარამიას თავად თუ დაავიწყდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილის ანასხლეტია. ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა იმ დანაშაულების, რომელსაც სააკაშვილი ჩადიოდა. ვერ ვიტყვი, რომ მას ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილის ძველი დიდება ნიკა გვარამიას აჩრდილად დაჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.