გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლეებს, რომლებიც დღეს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა, მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ვერ მოახერხეს თავიდან აეცილებინათ მათი ლიდერების გასამართლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლიდან ღიად უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია.
„მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად გაანალიზდეს სიტუაცია, თუ როდის დაუპირისპირდა ეს ნაც სექტა იმ ადამიანებს, რომლებსაც პრაქტიკულად ყოველთვის მხარს უჭერდნენ. მას შემდეგ, როდესაც კუბლაშვილმა ვერ მოახერხა, სასამართლო მათ ჭკუაზე დაეყენებინა. ვერ მოახერხა, თავიდან აეცილებინა გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გასამართლებასთან დაკავშირებით. ამას არ მოელოდნენ. ვერ მოახერხეს, სასამართლო გადატრიალების მოხდენა. ამის შემდეგ, 2014-15 წლებია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად გამოდის და უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ საქართველოს პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა.